ეუბნებოდა პოეტი ვარსკვლავებს და არ ატანდნენ, ლოთი ხარ და ვერ მიხედავო…
ბარები დაკეტეს, ქალაქი ჩუმია,
ცარიელ ქუჩებში ძუნძულებს ავდარი;
კაშნეზე იაფი თამბაქოს სუნია
და ჩემი ოცნება ღრუბლებო მანდ არი!
სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში,
ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
ყველაფრით, ყველასთვის, ყველაზე მარტო ვარ.
ფილმივით აეწყო წვიმაში კადრები,
გალუმპულ ჭადართან ლამპიონს ეძინა;
არსად პოეზია, აღარსად მხატვრები
სამყაროს მათგან ხომ ღიმილი ეწყინა.
დღეები ერთმანეთს გვანან და არ ჯერათ
ჰაერშიც იგივე ნოემბრის სუსხია
ყვავილებს სუნთქვა რომ თოვლის ქვეშ ჩარჩებათ
შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად.
არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში,
წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
მარტო ვარ, იაფი თამბაქოს სუნია
გოგონა ქაღალდის კაბაში
უსმეთ ვარდების წითელ ღაღადისს,
ქალწულთა უარს კოკრების გაშლას,
თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის
ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა.
მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე,
სურნელოვანი ბწკარის საყელო
და ყვიტილივით სიყვარულს ვითმენ
პოეტი,უცხო და უსახელო.
ქუდი გეხურათ ისიც ქაღალდის,
გიშრის ჩანჩქერი მხრებზე გეფინათ,
ტანზე გეწერათ მალე დაღამდეს”!
ვკითხულობდი და ჩამომეძინა.
მკვლელი
მოგკლავდი…
მაგრამ…
არა შენი სიკვდილით,
შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში
და მერე ყველაზე დახინჯებული გულით
თავიდან შეგიყვარებდი.
მეტკინე…
როგორც მოტეხილი მკლავი,
თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა
და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების
ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.
იმდენად მარტო ვარ,
ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,
არა თუ ადამიანებს და ყველაფერი
ხელიდან მივარდება:
კალამი და შენი სუნი,
იები და შენი გაბუტვა.
ვის?!
ვის გავარდნია ხელიდან
ყველაზე მართალი ღიმილი.
ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?
მე გამივარდა.
არა!
ალბათ ძალით დავანარცხე მიწას
და ნამსხვრევებად ვაქციე
შენი ბროლის ტუჩები,
რომ არავის შეემჩნია რა ვნებით
მიყვარდა მათი კოცნა.
მოგკლავდი…მაგრამ…
არა სიკვდილით.
სიცოცხლით მოგკლავდი,
სიცილით მოგკლავდი და მერე
შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი
ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს
სიახლოვის მკვლელი
და შენთან ერთად დავშორდებოდი
ცაზე შეყვარებულ დედამიწას.
-მომკლავდი?
-ალბათ.
ლექსი არაფერის დიდებით
ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით
და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი
ხმაური მიყვარდეს? არაფერისდიდებით
სიჩუმემე დამღალოს? ხომ არ გასულელედი?!
მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,
განწყობა – ფერი რომ არასდროს ეცვლება,
ტანჯვა, თუ შემთხვევით, რაიმე წამომცდა
და დილა, რომლისაც რატომღაც შემრცხვება.
მე დამღლის ვიღაცა მუდმივი ხალისით,
სიცილით, რომელსაც ფინალი არ უჩანს,
ყვავილთა ქორწილის აკრძალვა მაისით,
ამ ლექსში რითმისთვის ნათქვამი ალუჩა
მე დამღლის სამოსის მოდური შერჩევა,
სარკე-არსებობის პირადი პასპორტი,
ჩემს მარტოობაში ვიღაცის შემჩნევა
და ის, რომ გავხდი და წელშიაც გავსწორდი,
მე დამღლის თამაში ,პატარა სცენაზე,
ბავშვურად მე თვითონ ცარცით, რომ მოვხაზე,
სათქმელი ტკივილით მომდგარი ენაზე,
ტუჩებით გათხვრილი ამბორი ლოყაზე.
მე შემშლის : ბოდლერიi, ლორკა და ედგარ პო,
ბახზე და მოცარტზე ლექსების კონცერტი,
მთვარეს გვირგვინივით ატმების ეგდა რტო
და ახლა სიგარეტს ქალის თითს მოვწევდი .
სტროფისტული ტრაქტატი დედამიწას
არ მიყვარს:
ცუდი ხასიათის ადამიანები – ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, “მეჩქარება ადამიანები”,
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე
არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
ზარმაცი მეოცნებენი,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
სიმშვიდის მოყვარული პოეტი,
მტირალა მასხარა,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,
დაგვიანებული პაემანი.
მიყვარს…
****
დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს,
მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა,
ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ,
დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.
იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა,
ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი
წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა
გავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი.
ვუყურებ წვიმას, ჩემი ქუჩის მტირალა სახეს,
მე მხოლოდ სუნთქვის შეკავებით ვაჩერებ ღრიალს,
ვჩურჩულებ ჯერარდაბადებულ შვილების სახელს
და ისევ ვიწყებ ნერვიულად ოთახში წრიალს.
წავაწყდი აპრილს, ყვავილებით დამტვერილ ალბომს
ვათვალიერე ხალისები, კოცნები შერწყმა
და გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი, პალტო
და კიდევ წამი სარკეში რომ ჩახედვის შემრცხვა
დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარ
და ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას,
ჭიქაში ვისხამ საკუთარ თავს, ძალიან ცივა,
ვამბობ ჯერართქმულ სადღეგრძელოს, მოგონილ სიტყვას
და ისევ ფიქრი, სხვების ნაცვლად ტკივილის განცდა,
ტარება უცხო სიზმრებიდან სხვათა გმირების,
ყველა სურვილი სხეულიდან ღილივით ამწყდა,
უკმაყოფილო სტუმარივით გარბის კვირები.
მტერივით ვებრძვი ჩემს ოთახში გამომშრალ ჰაერს
ვუკაწრავ მუცელს შხამიანი ფრაზების დაშნით,
შურისძიებით გონდაკარგულს მოვგავარ ლაერტს
და სიკვდილივით მე დედოფლის ბაგეზე დავშრი.
მივაწყდი სარკმელს, წავიკითხე ვარსკვლავთა ქვები
გარდაცვლილ მზეთა სასაფლაოს მოჰგავდა ზეცა
და გამითეთრდა ერთ ღამეში შიშისგან თმები
და იმ წამივით კვლავ სარკეში ჩახედვის შემრცხვა.
სადმე მიპოვე შენს ოთახში
ჩუმად,ალერსით.
იქნებ კედელზე გაელვებად
გადავიარე.
ვარსკვლავებში ამონალესი,
იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი
სუსტი ნიავი.
კარგად მოძებნე ჩემი თავი
ყველა საგანში,
იქნებ სარკეში დამინახო,
იქნებ თაროზე
და კოცნის გემო მოგივიდეს,
იქნებ მადაში,
თვალებს ფერები გამოსტაცო
საავგაროზე.
მთელი წინა დღის ისტორიას
ყვება მაგიდა
გაშილი ფურცელზე გაფანტული
მშრალი ფრაზებით…
ნუთუ არ მეძებ?ჩემი პოვნა
იქნებ არ გინდა?
მაშინ კარებზე ურდულივით
ჩავირაზები
და არ გაგიშვებ არასოდეს
არცერთ სიზმარში
არცერთ ოცნებას არ დაგაცდი,
რომ იოცნებო.
რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას
დილით ცის მარში?
რომ არ მომძებნო?
არა ამას მე ვერ ავიტან.
გადააქოთე მთელი სახლი
მიპოვე სადმე,
იქნებ წამი ვარ
საათზე რომ უკვე გავიდა,
იქნებ სანთელი სადაცაა
რომ უნდა დადნეს.
სადმე მიპოვე სულერთია,
გინდაც უხეში,
ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად
ამომიყვანო;
მერე ჩამისვი მომეფერ ნაზად უბეში,
იქნებ გაკოცო მოგეხვიო
და შეგიყვარო.
****
ჩემი გაზეთის მტრედი
იყიდება ჩემი წილი ძილი
უხეირო ერთი ლექსის შექმნად.
გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი,
თუ იპოვეთ,იქნებ ერთად შეკრათ.
წინასწარ გიხდით მადლობას!
თუ თქვენ აპირებთ დათრობას
ქართული ადათ-წესით,
სასწრაფოდ ყანწი შესვით.
ვცვლი ფერად სიზმრებს
საინტერესო ოცნებაში.
ვამზადებ:თურქებს,არაბებს
მონღოლებს და სპარსებს ოთხ ენაში:
ქართულში
ქართულში
ქართულში
ქართულში.
ვარ გამოცდილი მეზღაპრე,
შევიძენ ფანტასტიურ ამბებს,
დევებზე,ჯადოქრებსა და რაინდებზე.
ვარჩენ იმედგაცრუებას,
ვხსნი დაბღვერილ წარბებს,
ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდზე.
სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სიყვარული,
წაბლისფერი თმებით,ლურჯი თვალებით,
ტანთ ეცვა უთვალავფერადი აპრილი,
ის დილით გავიდა სულის ოთახიდან
ოდნავ გულნატკენი და მზერადახრილი.
მადლობას უხდის კოჯრის ტყე ყვავილებს
დროული მოსვლისთვის,
მადლობას უხდიან მერცხლები ინდოეთს
ბულბული მგოსნისთვის.
ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან,
რომ უდროოდ გარდაიცვალა პაემანი-
ორი წყვილის ერთად დაგვიანებით
და შადრევნის უწყლოდ დაზიანებით.
იყიდება ყველაფერი ის,
რასაც ხვდება სხივი ოქროს მზის.
შევისყიდი წელიწადის ყველა დროს,
რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს.
დამეკარგა ქარში ქალის თმა,
თქვენთან მინდა ყველა ამბის თქმა.
გაიხედეთ გარეთ!ისევ წვიმს
და წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს.
გადაგღალათ პრესამ? გადაკეცეთ ქუდად
ან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი,
დღეს გაზეთის მტრედი გახდა ისე ცუდად,
რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი.
და დაეცა მიწას,ვით ფოთოლი ხმელი,
უფერო,უსულო განცხადების მთქმელი.
მიმართვა გაბუტულებს
გადაიღეთ კინოფირზე სიზმარი
და დილით მარტომ უყურეთ
კოშმარულ ძილის მორიგ სერიას.
თქვენ სერიოზული გიჟი ხართ.
დანაშაული თქვენი ის არის,
რომ რეალობას შეხვდით უგულოდ,
ხოლო თვალები ისევ სველია
ცრემლით, რომელიც ასე გიჭირდათ.
დიქტოფონით ჩაიწერეთ ფიქრი და
საყვარელს მოასმენინეტ სიჩუმეში,
რომ მიხვდეთ რამდენჯერ არ გიყვარდათ
წამში ერთმანეთი.
გულის ფეთქვა დაიწყეთ იქიდან,
სადაც შეაჩერეთ გონჯი სიუხეშე
და ვნება ქებასავით თავში აგივარდათ.
დაარღვიეთ ნეტარეთი!
ურთიერთობის კაშნე დაარღვიეთ,
ძაფით მოქსოვეთ განიერი ხელთათმანი,
რომ ერთმანეთს გაყინული თითები გაუთბოთ
და ხელის გულის ხაზები გაიერთიანოთ.
ოცნება ერთმანეთისას დაამთხვიეთ
და მიხვდით, რომ ერთად არის
ზოგჯერ წყენა დასათმობი
და რომ უნდა დაუთმოთ
უჩვეულო გაღიმება გაბუტულებს და იყო
და არა იყო რასავით დაიწყოთ
ახალი ზღაპარი! ქვეყანა ნეტარეთი,
სადაც ნეტა რითი რიგდებიან
ერთმანეთით გადაღლილი,
სიზმარი და რეალობა?!
და დილით მარტომ უყურეთ
კოშმარულ ძილის მორიგ სერიას.
თქვენ სერიოზული გიჟი ხართ.
დანაშაული თქვენი ის არის,
რომ რეალობას შეხვდით უგულოდ,
ხოლო თვალები ისევ სველია
ცრემლით, რომელიც ასე გიჭირდათ.
დიქტოფონით ჩაიწერეთ ფიქრი და
საყვარელს მოასმენინეტ სიჩუმეში,
რომ მიხვდეთ რამდენჯერ არ გიყვარდათ
წამში ერთმანეთი.
გულის ფეთქვა დაიწყეთ იქიდან,
სადაც შეაჩერეთ გონჯი სიუხეშე
და ვნება ქებასავით თავში აგივარდათ.
დაარღვიეთ ნეტარეთი!
ურთიერთობის კაშნე დაარღვიეთ,
ძაფით მოქსოვეთ განიერი ხელთათმანი,
რომ ერთმანეთს გაყინული თითები გაუთბოთ
და ხელის გულის ხაზები გაიერთიანოთ.
ოცნება ერთმანეთისას დაამთხვიეთ
და მიხვდით, რომ ერთად არის
ზოგჯერ წყენა დასათმობი
და რომ უნდა დაუთმოთ
უჩვეულო გაღიმება გაბუტულებს და იყო
და არა იყო რასავით დაიწყოთ
ახალი ზღაპარი! ქვეყანა ნეტარეთი,
სადაც ნეტა რითი რიგდებიან
ერთმანეთით გადაღლილი,
სიზმარი და რეალობა?!
No comments:
Post a Comment
:**