უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრშება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ, სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაქვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის ზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვიშ უკვდავება,
ჩვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ.
დაღალულს ვხედავ იმ ამაყ ირემს.
მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს,
ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება -
რომ გულში ცეცხლი არ გაგიქრება.
მრავალი ფიქრი მას შემდეგ ახდა,
ვნების ისრებმა დაცხრილეს გული,
ისევ მაისი მშვენიერ ბაღთა,
იყავ ოცნება და სიყვარული.
***
ორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის;
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!
ყვავილები უხვადარის
დენდის...მეფე მონის.
ქარში ათრობს არემარეს
ოხვრა ტრიანონის.
და ლანდებად თეთრ სარკეზე
ჩნდება სახე მკრთალი
შუაზელი, ესტერგეზი
და თვით დედოფალი.
ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.
მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მე ვერსალის ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით
მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.
დედოფალო! ლურჯი რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!
მიჰქრის დალალგადაყრილი:
დოვინ, დოვენ, დოვლი...
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.
იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა.
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილ ღრუბელით.
თითქოს არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.
როგორ, საიდან… არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ახლა გახდა წყნარი და მშვიდი.
ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.
იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა.
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილ ღრუბელით.
თითქოს არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.
როგორ, საიდან… არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ახლა გახდა წყნარი და მშვიდი.
განახლდა გული
განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ
რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე...
გზა დამილოცე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, გზა დამილოცე!
წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე,
ბადს კი მაინც არ შევურიგდები.
წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, წინ ნუ მიხვდები1
ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით
გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე?
ჩამომეცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ,ჩამომეცალე!
ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმაწვილეს
გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ,
გავანადგურებ ხელისშემშლელ ნისლს,
წყეულ ღამესაც გავანადგურებ...
წამების ცეცხლში განახლდა გული,
ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე.
გზა დამილოცე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!
მესაფლავე
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, -
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ...
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს“...
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე...
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება -
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!
თოვლი
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა: მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა. ძვირფასო! სული მევსება თოვლით: დღეები რბიან და მე ვბერდები! ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები. ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები. ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს, უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში... ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის და ზამბახების წყებად დაწვენა. თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! არის გზა, არის ნელი თამაში... და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო! მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა! მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ მშვიდი დღეების თეთრი ბროლება, მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში და თმების ქარით გამოქროლება. მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში... თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე. თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული ფიფქით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი! როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! |
No comments:
Post a Comment
:**